აშშ - რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე კვლავ ხელს უშლიან ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის შეშვებას
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე წარდგენილ რეზოლუციას – „საქართველოსთან თანამშრომლობა“, მხარი დაუჭირა და რეზოლუციის მხარდაჭერისკენ საბჭოს ყველა წევრს მოუწოდა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან. დარღვევების შესახებ უხეში ფაქტების არსებობის მიუხედავად კი, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დაშვება ვერ ხერხდება.
„ადამიანის უფლებათა მასიური დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების დე-ფაქტო ლიდერები კვლავაც ხელს უშლიან ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს აღნიშნულ რეგიონებში წვდომაზე. ჩვენ ვაცხადებთ, რომ დაბრუნების უფლება შემოიფარგლება ლტოლვილებით, თუმცა დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ იძულებით გადაადგილებულ პირებსაც. ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- განაცხადა მან.
აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული რეზოლუცია მოითხოვს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უზრუნველყოფას საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან წვდომას და შესაბამისად, „ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა საბჭომ დაამტკიცოს ჩვენს წინაშე წარმოდგენილი რეზოლუცია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ“.
2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ – მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.