აშშ ომანის ყურეში ნავთობის გადამტან ტანკერებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს
აშშ ომანის ყურეში ნავთობის გადამტან ტანკერებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ტანკერებზე თავდასხმა წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის, არის ღია თავდასხმა თავისუფალ ზღვაოსნობაზე და ნიშნავს ირანის მხრიდან დაძაბულობის ესკალაციის კამპანიას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ირანის მიმართ ბრალდებები ეფუძნება დაზვერვის მონაცემებს, გამოყენებულ იარაღს და მსგავსი ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელ ცოდნის დონეს.
ირანთან დაძაბულ მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და თქვა, რომ შეთანხმების გასაფორმებლად ამ ეტაპზე არც ირანი და არც აშშ მზად არ არია.
შეგახსენებთ, ირანულმა ტელეკომპანია „პრეს ტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა. ერთ-ერთი მათგანი ნორვეგიულ კომპანია „ფრონტლაინს“ ეკუთვნოდა, მეორე კი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას.
ირანული მედია იუწყებოდა, რომ ხომალდებთან ახლოს აფეთქებების ხმა ისმოდა. ომანისა და პაკისტანის პორტებში ტანკერებიდან განგაშის სიგნალი მიიღეს.
ნორვეგიული გამოცემა „ვერდენს განგის“ ინფორმაციით, ტანკერზე ქართველებიც იმყოფებოდნენ. როგორც გაზეთი ტანკერის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, ეკიპაჟის 23 წევრს შორის ძირითადად რუსები, ქართველები და ფილიპინელები არიან. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა.