ტანკერზე, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, ქართველებიც იმყოფებოდნენ, ისინი უსაფრთხოდ არიან
ტანკერზე, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, ქართველებიც იმყოფებოდნენ, ისინი უსაფრთხოდ არიან

ნორვეგიული კომპანია „ფრონტლაინის“ კუთვნილი ტანკერის ეკიპაჟის წევრებს შორის ქართველებიც იმყოფებიან.

ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული გამოცემა „ვერდენს განგი“ წერს.

როგორც გაზეთი ტანკერის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, ეკიპაჟის 23 წევრს შორის ძირითადად რუსები, ქართველები და ფილიპინელები არიან. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა.

არსებული ინფორმაციით, ისინი მეორე ტანკერის ეკიპაჟის წევრებთან ერთად ირანის პორტში არიან გადაყვანილი.

ნორვეგიული გამოცემის ცნობით, „ფრონტლაინის“ კუთვნილი ნავთობმზიდი 75 ათასი ტონა ნავთობით იყო დატვირთული. არსებული ინფორმაციით, ხომალდის ბორტზე სამი აფეთქება მოხდა.

შეგახსენებთ, დღეს ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა. მეორე ნავთობმზიდი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის.

დატოვე კომენტარი