აშშ-მა სანქციების სიაში რუსული სამი იურიდიული და ორი ფიზიკური პირი დაამატა, მათ შორისაა სახელმწიფო მედიაჯგუფი „რაშა თუდეი“
აშშ-მა სანქციების სიაში რუსული სამი იურიდიული და ორი ფიზიკური პირი დაამატა, მათ შორისაა სახელმწიფო მედიაჯგუფი „რაშა თუდეი“

აშშ-ის სანქციების სიაში რუსული სამი იურიდიული და ორი ფიზიკური პირი დაამატეს.

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა რუსულ სახელმწიფო მედიაჯგუფს, „რაშა თუდეის“, სიაში დაამატეს მისი გენერალური დირექტორი დმიტრი კისილევიც. სანქციები ასევე შეეხო ავტონომიურ არაკომერციულ ორგანიზაციას, „ტევე ნოვოსტის“ და ავტონომიურ არაკომერციულ ორგანიზაციას, „ევრაზიას“, რომელიც საზღვარგარეთ რუსული „კულტურული დიპლომატიის“ გავრცელებით არის დაკავებული. დმიტრი კისელევთან ერთად, სანქციების სიაში შეიყვანეს „ევრაზიის“ ხელმძღვანელი ნელი პარუტენკო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „რაშა თუდეი“ არ მოქმედებს როგორც უბრალოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მედიაორგანიზაცია, არამედ აქტიურად ახორციელებს ფარულ ოპერაციებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ რამდენიმე სხვა ქვეყანაში დაზვერვის მაღალჩინოსნების მითითებით, რომლებიც უშუალოდ კრემლს ექვემდებარებიან.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, თითოეულ პარტნიორს, იმგვარად მიუდგნენ „რაშა თუდეის“ აქტივობებს, როგორც ისინი აკეთებენ რუსეთის სხვა სადაზვერვო საქმიანობის მიმართ თავიანთ ტერიტორიაზე. ახალი ინფორმაციის წყალობით, რომლის დიდი ნაწილი მომდინარეობს „რაშა თუდეის“ თანამშრომლებიდან, ჩვენ ვიცით, რომ „რაშა თუდეის“ გააჩნდა კიბერშესაძლებლობები და ჩართული იყო ფარული ინფორმაციისა და გავლენის ოპერაციებში და სამხედრო შესყიდვებში. „რაშა თუდეის“ საფარქვეშ, ამ დანაყოფის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია მიედინება რუსეთის სადაზვერვო სამსახურებში, რუსულ მედიასაშუალებებში, რუს დაქირავებულ ჯგუფებსა და რუსეთის მთავრობის სხვა სახელმწიფო და მარიონეტულ ჯგუფებში“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.