აშშ ჯამალ ხაშოგის მკვლელობისა და მკვლელობაში ეჭვმიტანილის შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ სრულ ანგარიშს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით. Associated Press-ის ცნობით, ტრამპი ანგარიშის გამოქვეყნების სავარაუდო თარიღად 20 ნოემბერს ასახელებს.
ტრამპის თქმით, აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იქნება, ვინ ჩაიდინა ჟურნალისტის მკვლელობა. ტრამპი აღნიშნავს, რომ მედიის მეშვეობით გამოქვეყნებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნა არ იყო საბოლოო.
The Washington Post-ის ჟურნალისტი ოქტომბრის დასაწყისში სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქული მხარის მტკიცებით, ის საკონსულოში მოკლეს. საუდის არაბეთის ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხაშოგი საკონსულოს შენობაში კამათის დროს მოკლეს.
გამოცემა The Washington Post-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნით, შესაძლოა, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ გასცა.