აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ექვსი კომიტეტის თავმჯდომარეები რობერტ მიულერის გამოძიების სრული ანგარიშის 2 აპრილამდე გამოქვეყნებას ითხოვენ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ექვსი კომიტეტის თავმჯდომარეები რობერტ მიულერის გამოძიების სრული ანგარიშის 2 აპრილამდე გამოქვეყნებას ითხოვენ

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ექვსი კომიტეტის თავმჯდომარეები აშშ-ის გენერალურ პროკურორ უილიამ ბარისგან სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების სრული ანგარიშის 2 აპრილამდე გამოქვეყნებას ითხოვენ.

„ჩვენ ოფიციალურად ვითხოვთ კონგრესისთვის სპეციალური პროკურორის ანგარიშის სრულ ტექსტზე წვდომას არაუგვიანეს 2 აპრილისა. ჩვენ ასევე მოგმართავთ თხოვნით, რომ ამავე დროს დაიწყოთ ანგარიშში გამოყენებული მტკიცებულებებისა და მასალების პროფილური კომიტეტებისთვის გადაცემა“, – ნათქვამია გენერალური პროკურორისადმი მიწერილ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის იურიდიული, სამეთვალყურეო და სამთავრობო რეფორმის, ფინანსური მომსახურების, საბიუჯეტო, საგარეო ურთიერთობათა და დაზვერვის კომიტეტების თავმჯდომარეები.

დემოკრატი კონგრესმენები წერილში აღნიშნავენ, რომ რობერტ მიულერის ანგარიშის შესახებ გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის მიერ წარმოდგენილი ოთხგვერდიანი დოკუმენტი კონგრესისთვის საკმარისი არ არის.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევისა და დონალდ ტრამპის რუსეთთან შესაძლო კავშირების საქმეზე მომუშავე სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიშის შემაჯამებელი, ოთხგვერდიანი დოკუმენტი კონგრესს გადაუგზავნა. ბარის დასკვნაში აღნიშნულია, რომ თითქმის ორწლიანმა გამოძიებამ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის რუსეთის ხელისუფლებასთან შეთქმულება ვერ დაადგინა. თუმცა, მიულერის გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას „ტროლების ქარხნის“ გამოყენებითა და კიბერთავდასხმების გზით ცდილობდა. ამასთან, გამოძიების შემაჯამებელ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, ცდილობდა თუ არა დონალდ ტრამპი გამოძიებისთვის ხელის შეშლას.