აშშ-ის გენერალური პროკურორი - ამერიკის ბევრ ქალაქში აქციები მემარცხენე ექსტრემისტებისა და ანარქისტული ჯგუფების მიერ არის ორგანიზებული
აშშ-ის გენერალური პროკურორი - ამერიკის ბევრ ქალაქში აქციები მემარცხენე ექსტრემისტებისა და ანარქისტული ჯგუფების მიერ არის ორგანიზებული

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ აშშ-ში საპროტესტო აქციებს „რადიკალები და აგიტატორები“ აკონტროლებენ. უილიამ ბარის თქმით, ეს ადამიანები მაფიფესტაციებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, რაც დაკავშირებულია ძალადობასთან.

„როგორც ჩანს, ბევრ ქალაქში აქციები მემარცხენე ექსტრემისტებისა და ანარქისტული ჯგუფების მიერაა ორგანიზებული“, – განაცხადა უილიამ ბარმა.

მისივე თქმით, შტატების საზღვრების კვეთა და ფედერალური ობიექტების ძალადობრივი არეულობის გასაღვივებლად გამოყენება ან ამ არეულობაში მონაწილეობა გახლავთ ფედერალური დანაშაული“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ბევრ ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება. ეს აქციები უკავშირდება ქალაქ მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას. მომხდარის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სადაც პოლიციელი უიარაღო ფლოიდს რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება კისრის არეში, მოქალაქეთა აღშფოთება მოჰყვა. თავდაპირველად აქციები მინეაპოლისში გაიმართა, რაც ძალადობაში გადაიზარდა. ამის გამო ადგილზე მობილიზებულია ეროვნული გვარდია. ქალაქში მოქმედებს კომენდანტის საათი.

მოგვიანებით აქციები კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა და ამ შემთხვევაშიც ძალადობასა და არეულობაში გადაიზარდა. ამის გამო აშშ-ის 25 ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

პოლიციელი, რომელმაც გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, ფლოიდის ოჯახის წევრები სამართალდამცველის მიმართ ბრალის დამძიმებას და სხვა პოლიცილების დასჯას ითხოვენ, რომლებიც ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ.