აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ გადაუდებელი დახმარების ცენტრს ოთხი სპეცმანქანა გადასცა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ოთხი სპეცმანქანა გადასცა. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გამოიყენება და მთიან რეგიონებში განაწილდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სასწრაფო დახმარებისთვის გადასაცემი მანქანები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა. სპეცმანქანების საშუალებით დროული და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი.
ავტოტრანსპორტის გადაცემის ცერემონიას დაესწრო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე. მან მანქანების აღჭურვილობა აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლებთან – ორმხრივი ურთიერთობის ოფიცერ, მაიორ კვინტინ დოლთან და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერ, დავით სანიშვილთან ერთად დაათვალიერა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის მაღალი გამავლობის, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანების გადაცემა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.