აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა - იემენელი „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში ორ ნავთობმზიდს დაესხნენ თავს, ორივე ნავთობმზიდი დაზიანდა
იემენელი ამბოხებული „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში ორ ნავთობმზიდს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
თავდასხმის სამიზნე გახდნენ პანამისა და საუდის არაბეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდები.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ორივე ნავთობმზიდი დაზიანდა. ერთ-ერთი დაახლოებით ორი მილიონი ბარელი ნედლი ნავთობით იყო დატვირთული.
ამასთან, როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ნავთობმზიდებმა, რომლებიც ერთმანეთის გვერდით მიცურავდნენ, დარტყმის შემდეგ მარშრუტის გაგრძელება შეძლეს.
21 აგვისტოს „ჰუსიტები“ თავს დაესხნენ საბერძნეთის კუთვნილ ნავთობტანკერს, MV Delta Sounion-ს. წითელ ზღვაში ამ თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაზიანებულ ხომალდს ცეცხლი უკიდია და ის ეკოლოგიური კატასტროფის რისკს ქმნის. ხომალდის ეკიპაჟი, რომლის შემადგენლობაში ორი რუსი და 23 ფილიპინელი იყო, ევაკუირებულია.
„„ჰუსიტების“ მხრიდან ტერორიზმის ეს უგუნური აქტები განაგრძობს რეგიონული და გლობალური ვაჭრობის დესტაბილიზაციას, ასევე საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მეზღვაურებს და საზღვაო ეკოსისტემებს“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.