აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი - საქართველო და უკრაინა საერთაშორისო ალიანსების წევრები ბაიდენის პრეზიდენტობისას უფრო მალე გახდებიან
საქართველო და უკრაინა საერთაშორისო ალიანსების წევრები ბაიდენის პრეზიდენტობისას უფრო მალე გახდებიან, – ამის შესახებ გამოცემა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა, პოლ გობლმა განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, აქვს თუ არა უკრაინასა და საქართველოს შანსი, გახდნენ ნატო-ს წევრები უახლოეს მომავალში ან დააჩქარონ ალიანსში გაწევრიანება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში.
„ისინი უფრო მალე გახდებიან ალიანსების წევრები ბაიდენთან, არა მხოლოდ ბაიდენსა და ტრამპს შორის არსებული განსხვავებული მოსაზრებების გამო, რომლებიც განსხვავდება ამ კავშირების მნიშვნელობის საკითხზე, არამედ იმიტომაც, რომ რუსეთმა დააბრუნა თავისი სამხედროები სამხრეთ კავკასიაში, რაც უფრო მეტად საჭიროს ხდის დასავლური სახელმწიფოების პასუხს. მოლდოვის ახალი პრეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერს ნატო-სა და დასავლეთს და არა მოსკოვს, ალიანსს გაფართოებას უმარტივებს. არა მგონია, რომ ეს მოხდება პირველივე წელს. ბაიდენის ადმინისტრაციაში არიან ოფიციალური პირები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კავშირებში ქვეყნების გაწევრიანების შეკავება არის ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი საბჭოთა წნეხის თავიდან ასაცილებლად და დემოკრატიისკენ სვლის შესაძლებლობა“, – განაცხადა პოლ გობლმა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამჟამად ნატო-ს სურს, გამოიყურებოდეს როგორც დასავლური დემოკრატიის ჯგუფი და სურს, რომ ქვეყნები ცვლილებებისთვის განაწყოს, რომ ისინი უფრო მეტად დემოკრატიულები გახდნენ, ჰქონდეთ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, რათა მათი ალიანსში გაწევრიანება შესაძლებელი იყოს.
რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიას, პოლ გობლი აცხადებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აღნიშნული რეგიონების არაღიარების განახლებულ პოლიტიკას გაატარებს.
„ეს იქნება საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც აშშ-ის მთავრობას რუსეთის ფედერაციასთან ყველა მოლაპარაკებების მსვლელობისას დახმარება შეეძლება. რუსეთის მთავრობამ საერთაშორისო წესრიგის წესები დაარღვია. პრეზიდენტი ბაიდენი საერთაშორისო სამართლის ერთგულია და ამერიკელები ამაზე ბევრს ისაუბრებენ. მოიტანს თუ არა ეს ცვლილებებს რუსეთში, არავინ იცის. თუმცა ეს არ იქნება რაღაც, რაც უბრალოდ გაქრება…“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მრჩეველმა.