აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი ენტონი ბლინკენი - მხარს ვუჭერ უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს, თუმცა ამავე დროს აუცილებლად მიიჩნევს უკრაინაში ისეთი შიდა პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა კორუფცია. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში კანონმდებლების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.
„მე ბევრს ვმუშაობდი უკრაინაზე წინა ადმინისტრაციის დროს. ვიზიარებ თქვენს მისწრაფებას მისი დახმარებისკენ, კერძოდ, რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში. გეთანხმებით, რომ ჩვენ ყოვლისმომცველი მიდგომა გვჭირდება. მე მხარს ვუჭერ უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას. თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი არის საგარეო საფრთხე. რაც შეეხება შიდა საფრთხეს, ეს არის კორუფცია, ისეთი ინსტიტუტების არარსებობა, რომლებსაც ეფექტიანად შეუძლიათ ქვეყნის მართვა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს ამასთან გამკლავებაშიც, რადგან რუსეთის შეკავების მხრივ დახმარების წარმატების შემთხვევაშიც კი, თუ შიდა საფრთხე შენარჩუნდა, ეს დემოკრატიის შენებას ხელს შეუშლის“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.