აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ქალაქ ლვოვიდან პერსონალი ღამეებს პოლონეთში გაათენებს, დილაობით კი კვლავ უკრაინაში დაბრუნდება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, უკრაინის ქალაქ ლვოვიდან პერსონალი ღამეებს პოლონეთში გაათენებს, დილაობით კი კვლავ უკრაინაში დაბრუნდება. გასულ კვირას აშშ-მა კიევიდან საელჩო ლვოვში გადაიტანა და მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა.
„ჩვენი პერსონალი რეგულარულად დაბრუნდება, რათა გააგრძელოს დიპლომატიური მუშაობა უკრაინაში და უზრუნველყოს საგანგებო საკონსულო მომსახურება. ისინი გააგრძელებენ უკრაინელი ხალხის და უკრაინის მთავრობის მხარდაჭერას და დიპლომატიური ძალისხმევის კოორდინირებას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის აგრესიის წინაშე ურყევია.
„ის ფაქტი, რომ ჩვენ მივმართავთ გონივრულ ზომებს აშშ-ის სამთავრობო პერსონალისა და აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, რასაც რეგულარულად მთელ მსოფლიოში ვაკეთებთ, არავითარ შემთხვევაში არ უთხრის ძირს ჩვენს მხარდაჭერასა და ერთგულებას უკრაინისადმი“, – აღნიშნავს უწყება.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში უსაფრთხოების სიტუაცია კვლავ არაპროგნოზირებადია და შესაძლოა, გაუარესდეს გაფრთხილების გარეშე.
„არსებობს სერიოზული ალბათობა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია მნიშვნელოვნად შეზღუდავს კომერციულ საჰაერო მგზავრობას. რუსეთის ძალები განაგრძობს საზღვართან მოახლოებას, რაც ჰგავს ნებისმიერ მომენტში შეჭრის გეგმას. ვრცელდება ცნობები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევების მზარდ რაოდენობაზე ხარკოვში, ლუგანსკსა და დონეცკში ბოლო დღეებში. ამასთან, რუსეთმა გასცა უკრაინის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ძალების განთავსების განკარგულება“, – აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი და დასძენს, რომ აღნიშნულ რეგიონებში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე.