აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ლიბანში, აშშ-ის საელჩოზე თავდასხმისას დაკავებულის ტანსაცმელზე გამოსახული იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ემბლემა, მაგრამ ვაწარმოებთ სრულ გამოძიებას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ლიბანში, აშშ-ის საელჩოზე თავდასხმისას დაკავებულის ტანსაცმელზე გამოსახული იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ემბლემა, მაგრამ ვაწარმოებთ სრულ გამოძიებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ლიბანში, აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ტანსაცმელზე გამოსახული იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ემბლემა.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დაკავებულ პირს ეცვა ტანსაცმელი, რომელზეც გამოსახული იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ემბლემა, მაგრამ ჩვენ ვაწარმოებთ სრულ გამოძიებას ლიბანის ხელისუფლებასთან მოტივების შესახებ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

როგორც მილერმა აღნიშნა, თავდასხმის შედეგად საელჩოს დაცვის თანამშრომელმა სერიოზული დაზიანება მიიღო. მისივე თქმით, საელჩო მხოლოდ ერთი დღით დაიხურა და ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

ლიბანში, აშშ-ის საელჩოს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა თავდამსხმელიც. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სირიის მოქალაქეა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.