აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს პოზიტიურად აფასებს
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დადებითად აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და აცხადებს, რომ ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია, როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა, – ამის შესახებ DFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ ბოელერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრისას ისაუბრა.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში DFC-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.
განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის როლი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, პანდემიის პირობებში. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან მაღალი დონის თანამშრომლობისა, არა მხოლოდ დემოკრატიზაციისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც. მანვე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს ეკონომიკური ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. გიორგი გახარიამ ადამ ბოელერი საქართველოში მოიწვია.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.