აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კონვენციური ძალების დაახლოებით 75 პროცენტი არის განლაგებული
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კონვენციური ძალების დაახლოებით 75 პროცენტი არის განლაგებული – „სიენენის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა, ქვეყნის სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა.
აშშ-ის მთავრობაში ამბობენ, რომ უკრაინაზე დარტყმის დისტანციაზე ძალების კონცენტრაცია ძალზე უჩვეულოა, რის გამოც აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი მზადაა თავდასხმისთვის.
აშშ-ის სამთავრობო წყაროს ინფორმაციით, რუსეთის არმიის 120 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრშია განლაგებული. ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ სეპარატისტებთან ერთად რუსული ჯარის რაოდენობა შესაძლოა, 190 000-ს აღწევდეს.
აშშ-ის მთავრობის წევრი აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ 35 საჰაერო თავდაცვის ბატალიონი, ასევე 500 ავიაგამანადგურებელი და ბომბდამშენი ჰყავს მობილიზებული.