აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ედვარდ სნოუდენს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. საქმე ეხება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორის ახალ წიგნს.
როგორც იუსტიციის დეპარტამენტში აღნიშნეს, წიგნიდან მიღებული შემოსავლის კონფისკაციას მოახდენენ, რადგან სნოუდენის გამოცემაში ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და ეროვნული უშიშროების სააგენტოსთან, დადებული „გაუთქმელობის შეთანხმება“ ირღვევა.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წიგნის წინააღმდეგ არსებული სარჩელი მისი გაყიდვიდან ამოღების მცდელობას არ ემსახურება. თუმცა ისინი ავტორისგან მისი შემოსავლის მიღებას მოითხოვენ. ედვარდ სნოუდენთან ერთად სარჩელში ნახსენებია ის გამომცემლობა, რომელიც აღნიშნულ წიგნთან დაკავშირებით ყოფილ აგენტთან თანამშრომლობს.
ედვარდ სნოუდენის წიგნი „პირადი საქმე“ ოფიციალურად 17 სექტემბრიდან იყიდება. მემუარები 20 ქვეყანაში გაიყიდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილმა კონტრაქტორმა, ედვარდ სნოუდენმა 2013 წელს „ვაშინგტონ პოსტსა“ და „გარდიანს“ აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ ინტერნეტის საშუალებით მასობრივი თვალთვალის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები გადასცა.