აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი - „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავება მოიცავს კონტაქტებს ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგებს ესწრება
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავება მოიცავს კონტაქტებს ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგებს ესწრება.
კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კონტრაქტი მოიცავს შეხვედრებს საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან, არჩეულ თანამდებობის პირებთან, ადმინისტრაციასთან, მედიასთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, საჯარო პოლიტიკის და სავაჭრო ორგანიზაციებთან, ბიზნესლიდერებთან, საკითხების ექსპერტებთან და სამეცნიერო წრეებთან. დადასტურებულია კონტაქტები ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგებს ესწრება, ასევე, აშშ-ის მთავრობის და კონგრესის წარმომადგენლებთან.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაქირავებული ჰყავს ამერიკული ლობისტური კომპანია „ქორნერსთოუნ გავერმენთ ეფეარსი“. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაის-აგვისტოში ტელეკომპანიამ განხორციელებულ მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაიხადა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია „ფორმულა“ რეგისტრირებულია მიმდინარე წლის მაისში.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლობისტური კომპანია უზრუნველყოფს საზოგადოებრივ საქმეთა და კომუნიკაციების კონსულტაციებს, დაკავშირებულია აშშ-ში „ფორმულას“ საკომუნიკაციო პროგრამის შემუშავებასა და მართვასთან.
გავრცელებული ცნობით, ლობისტური კომპანია ჩაერთვება აქტივობებში უცხოელი შემკვეთის სახელით, რათა აცნობოს აშშ-ის საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე საკითხების შესახებ, რაც ეხება დამოუკიდებელი მედიისადმი დამოკიდებულებას საქართველოში.