აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გარკვეული ჯგუფებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის ნებართვა გასცა
დღეიდან მილიონობით ამერიკელს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შესაძლებლობა ექნება.
შესაბამისი ნებართვა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასცა.
ექსპერტების რეკომენდაციის მიხედვით, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთება რეკომენდებულია როგორც 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ისე 50-დან 64 წლამდე პირებისთვის, რომელთაც მძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.
„ფაიზერის“ დამატებითი დოზის გაკეთება დაშვებული იქნება მეორე დოზით აცრიდან ექვს თვეში.
ამასთან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საექსპერტო ჯგუფმა არ დაუჭირა მხარი „ფაიზერის“ მესამე დოზით 18-დან 49 წლამდე იმ მოქალაქეების აცრის რეკომენდაციას, რომლებიც სამედიცინო სფეროში მუშაობენ, ან სხვა სარისკო პროფესიას წარმოადგენენ, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი არ დაეთანხმა საექსპერტო ჯგუფის გადაწყვეტილებას და აღნიშნული რეკომენდაცია მაინც გასცა.