ხუთი წლის განმავლობაში, აშშ იორდანიას 6 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარება. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ამანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.
რექს ტილერსონმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ იორდანია ყოველწლიურად 1.2 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.
მემორანდუმის თანახმად, აღნიშნული თანხა იორდანიის სამეფოს სამხედრო-ეკონომიკური მხარდაჭერისთვის დაიხარჯება, უმეტესი ნაწილი კი, ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება.
იორდანია აშშ-ის რეგიონული მოკავშირე და ვაშინგტონის დახმარების ერთ-ერთი დიდი მიმღებია მსოფლიო მასშტაბით. 1951 წლის შემდეგ, აშშ იორდანიას 20 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარა.