აშშ-ი ბოინგ „737 მაქს”-ის ექსპლუატაციაზე უარის თქმას არ აპირებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოში განაცხადეს.
სენატორებისა და პროფკავშირების ზეწოლის მიუხედავად, ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საფრენი აპარატი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ეთიოპიის ავიახაზების ბოინგ „737 მაქს 8″-მ ავიაკატასტროფა 10 მარტს განიცადა. სამგზავრო თვითმფრინავი ადის-აბება – ნაირობის რეისს ახორციელებდა და ეთიოპიის დედაქალაქის დატოვებიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფას ყველა მათგანი ემსხვერპლა. ამავე ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა ხუთი თვის წინაც განიცადა.
მას შემდეგ საერთაშორისო მასშტაბით რიგმა ქვეყნებმა აღნიშნული ბოინგისთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს. ავიაკომპანიების ნაწილმა კი მისი მოხმარება დროებით შეაჩერა. მათ შორის არიან დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები, ირლანდია, ჩინეთი, ეთიოპია და ავსტრალია. მათი გადაწყვეტილება ძალაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენამდე დარჩება.
ქვეყნების მთავრობების ცნობით, მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ ბოინგ 737 მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.