ევროპის სახელმწიფოებმა ბოინგ „737 მაქს 8“-სთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს
ევროპის სახელმწიფოებმა ბოინგ „737 მაქს 8“-სთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს

ევროპის სახელმწიფოებმა 10 მარტს მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ ბოინგ „737 მაქს 8“-სთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ირლანდიის, ნიდერლანდების და საფრანგეთის მთავრობებმა მიიღეს.

ევროპული სახელმწიფოების გადაწყვეტილების მიზანი მგზავრების უსაფრთხოებაა. როგორც გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი უნდა დადგინდეს და გაირკვეს, რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული ტიპის ბოინგის ექსპლუატაციაში ყოფნა.

თავის მხრივ, ბრიტანულ-გერმანული ავიაკომპანია „თუიფლაიმ“ ბოინგ 737 მაქს 8-ს დროებით არ გამოიყენებს. მანამდე იგივე ზომები მიიღეს ეთიოპიის ავიახაზებმა, ასევე „აერომეხიკომ“, ნორვეგიის და თურქეთის ავიახაზებმა.

ეთიოპიის ავიახაზების ბოინგ 737 მაქს 8-მა ავიაკატასტროფა 10 მარტს განიცადა. სამგზავრო თვითმფრინავი ადის-აბებანაირობის რეისს ახორციელებდა და ეთიოპიის დედაქალაქის დატოვებიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფას ყველა მათგანი ემსხვერპლა.