აშშ-ის ელჩის, იან კელის ქალიშვილმა, ჯგუფ Blato Zlato-ს ვოკალისტმა, ენი კელიმ ქართული სიმღერები შეისწავლა.
ვიდეოს, რომელშიც ელჩის ქალიშვილი მეგრულ სიმღერას – „აშო ჩელას“ მღერის, ენი კელის ამერიკული ჯგუფი Blato Zlato და საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებენ.
ჯგუფის წევრების განცხადებით, ისინი საქართველოში შესწავლილ სიმღერებს აშშ-ში, ახალ ორლეანში მიმდინარე კვირაში დაგეგმილ შოუზე შეასრულებენ.
„ჩვენი ორი ვოკალისტი, ენი და ლოუ ამ ზაფხულს საქართველოში, თბილისში ენის მშობლების მოსანახულებლად იმყოფებოდნენ და რამდენიმე კვირის განმავლობაში სწავლობდნენ სიმღერებს ჩვენს მეგობრებთან, მგალობელ-მომღერალთა გუნდ „ადილეიდან“, ჭამდნენ მჭადსა და ლობიანს, სვამდნენ ღვინოსა და ჭაჭას, მოგზაურობდნენ მთებში და შეუყვარდათ საქართველოს ლამაზი ხედები. ენის მშობლები ამ კვირას აშშ-ში ბრუნდებიან, დაბრუნება სევდანარევია, რადგან ისინი საგარეო სამსახურში 33-წლიანი მუშაობის შემდეგ პენსიაზე გადიან. ვიფიქრეთ, შესაბამისი დროა იმისთვის, რომ გაგიზიაროთ ქართული მუსიკის შესრულების ჩვენი პირველი მცდელობა: Blato Zlato-სეული, ჩვენს მიერ შეყვარებული მეგრული სიმღერის „აშო ჩელას“ არატრადიციული შესრულება. აქ არის რეპეტიციის ვიდეო, სადაც ჩვენ არანჟირების ადრეულ მარცვლებს ვთესავთ; მოდით ჩვენს შოუზე ამ კვირაში, რათა ნახოთ მისი ევოლუცია, მათ შორის ღრმა, სევდიანი შესავალი, რომელიც დავამატეთ. მადლობა, საქართველო, მასპინძლობისთვის – დაბრუნების იმედი გვაქვს!“, – წერს ჯგუფი Blato Zlato „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ენის საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს ამერიკის საელჩოც.
„ენი ელჩ იან კელის შვილია. ზაფხულში საქართველოში იმყოფებოდა და რამდენიმე კვირა ტრადიციული სიმღერების შესწავლას დაუთმო. ამ რეპეტიციის ვიდეოში ენი და მისი მეგობრები საქართველოში ნასწავლ საყვარელ სიმღერას – „აშო ჩელას“ არატრადიციული ინტერპრეტაციით მღერიან. იმედი გვაქვს, მოგეწონებათ“, – წერს საქართველოში ამერიკის საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე.