აშშ 5 200 სამხედროს გაგზავნის მექსიკის საზღვართან, რომელსაც მიგრანტთა ნაკადი უახლოვდება
ამერიკის შეერთებული შტატები 5 200 სამხედროს გაგზავნის მექსიკის საზღვართან, რომელსაც ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტთა ნაკადი უახლოვდება. ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, მესაზღვრეების დასახმარებლად მექსიკის საზღვარზე ასევე გაგზავნიან ვერტმფრენებსა და დრონებს.
ამერიკის შეერთებული შტატებისკენ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან, კერძოდ, გვატემალიდან, ჰონდურასიდან და სალვადორიდან ათასობით მიგრანტი მიემართება. მათი ნაწილი მექსიკის ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმდა და ქვეყანაში დარჩა, თუმცა ნაწილი აშშ-ის მიმართულებით სვლას განაგრძობს.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, Pueblo Sin Fronteras-ის მონაცემებით, ამჟამად ე.წ. მიგრანტთა ქარავანი დაახლოებით 4 000 ადამიანისგან შედგება. ისინი ამჟამად მექსიკის ოახაკას შტატში, აშშ-ის საზღვრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში იმყოფებიან.