პორტუგალიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, ერეკლე არსენაშვილის კლუბი „ბრაგა“, შინ, დიდი ბრძოლის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონ „პორტუსთან“ 29-32 დამარცხდა.
„ბრაგამ“ პირველი ტაიმი 17-14 მოუგო ჩემპიონთა ლიგის უცვლელ მონაწილეს, მეორის დასაწყისში ზედიზედ გაუშვა 4 გოლი და თანდათანობით ჩამორჩა, თუმცა, ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა. ქართველმა ხაზის მოთამაშემ, რომელიც„ ბრაგაში“ ერთადერთი უცხოელია, ერთი გოლი გაიტანა, თუმცა, თითქმის შეუცვლელად ითამაშა. არსენაშვილს 7 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი (აქედან 10 – ლიდერთა სამეულის გუნდებთან) და ჯამური მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, 20.40, თავის კლუბში საუკეთესოა.
ორწრიანი ტურნირის შემდეგ 6 საუკეთესო კლუბი ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. 7-7 მოგებით და 21-21 ქულით „პორტუ“ და „სპორტინგი“ ლიდერობენ, „ბრაგა“ 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა (2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება) და სამივე წაგება პორტუგალიის გრანდებთან ბენფიკასთან, სპორტინგთან და პორტუსთან აქვს. მომდევნო ტურში, 12 ოქტომბერს, კლუბი სტუმრად „მადეირას“ ეთამაშება.
წყარო – საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია