ხელბურთი | კობა ხუბუნაია იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფინალს დაესწრო #1TVSPORT
ხელბურთი | კობა ხუბუნაია იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფინალს დაესწრო #1TVSPORT

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ინიციატივით მეორედ გაიმართა იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება. ტურნირის ფინალში ერთმანეთს ბათუმის „ბსბ“ და „სამტრედია“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბათუმელების გამარჯვებით, ანგარიშით 29:24 დასრულდა. „ბსბ“ იმედო ფხაკაძის სახელობის თასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

ფინალურ მატჩს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამარჯვებულ გუნდს გათამაშების თასი კობა ხუბუნაიამ და ვახტანგ მეიფარიანმა გადასცეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „სამტრედიის“ ხელბურთელი ვახტანგ ხელისუფალი დასახელდა.

ტურნირი ლეგენდარული ხელბურთელის, იმედო ფხაკაძის სახელის უკვდავსაყოფად 2023 წლიდან იმართება.

იმედო ფხაკაძე 2021 წლის 21 ივლისს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ხელბურთელად არის აღიარებული.