არსებული მონაცემებით, ყველაზე ხშირად მშობლები შშმ ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ამბობენ უარს
არსებული მონაცემებით, ყველაზე ხშირად მშობლები შშმ ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ამბობენ უარს

მიტოვების ყველაზე დიდი სტატისტიკა გვაქვს შშმ ბავშვებზე ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე, რომლებსაც სამშობიაროშივე ტოვებენ მშობლები, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნუცი ოდიშარიამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა თემის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამჟამად მინდობით აღზრდაში 200-ზე მეტი ბავშვი იმყოფება, რაც გაცილებით აღემატება დიდ ინსტიტუციებში მყოფი ბავშვების რაოდენობას.

„ამ მხრივ ქვეყანაში გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. პირველ რიგში ის, რომ მიტოვების პრევენციის ინსტრუქცია დამტკიცდა, რაც ​სამშობიაროებს აძლევს შესაძლებლობას, სწორად დაელაპარაკონ მშობლებს იმის შესახებ, რამდენად ცუდია ბავშვის მიტოვება. უკვე ათი წელია, სახელმწიფო ახორციელებს მინდობით აღზრდის პროგრამას. ჩვენ გვინდა ამ პროგრამის პოპულარიზება. გვინდა, მეტმა ბავშვმა იცხოვროს ოჯახურ გარემოში. ამჟამად ჩვილ ბავშვთა სახლში 50-ზე ოდნავ მეტი ბავშვი, კოჯრის ბავშვთა სახლში 28 ბენეფიციარი ცხოვრობს, თუმცა მინდობით აღზრდაში 200-ზე მეტი ბავშვი გვყავს ანუ ჩვენ შევძელით, რომ დიდ ინსტიტუციებში მყოფ ბავშვებზე მეტი ბავშვი გვყავს მინდობით აღზრდაში“, – განაცხადა ოდიშარიამ.

მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების დასაფინანსებლად სახელმწიფო ყოველთვიურად 600 ლარს გამოყოფს. სააგენტოს წარმომადგენლები დამსწრე მშობლებისგან ისმენენ პრობლემებს, რომლებსაც ისინი თავად აწყდებიან შშმ ბავშვების აღზრდის პროცესში.

ღონისძიება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში ტარდება. წელს საქართველოში ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია – „რას ვმატებ საზოგადოებას (What I bring to my community), თუმცა, პარალელურად, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ 12 მარტიდან იწყებს უთვალავი ჭრელი წინდის კამპანიას #წინდამინდა, რომელიც 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლი დღეს დასრულდება. წინდები გაიყიდება წინასწარ შერჩეულ სავაჭრო ობიექტებში და ერთი წყვილის ფასი 10 ლარი იქნება. შემოსული თანხით ასოციაცია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს დაეხმარება.