არსებული ინფორმაციით, თბილისში ორი დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებული პირი, რომლის კონტაქტებიდან ცხრა ადამიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, მედიკოსია
არსებული ინფორმაციით, თბილისში ორი დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებული პირი, რომლის კონტაქტებიდან ცხრა ადამიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, მედიკოსია

არსებული ინფორმაციით, თბილისში ორი დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებული პირი, რომლის კონტაქტებიდან ცხრა პირს დღეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, მედიკოსია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა ამ ახალჩამოყალიბებული კლასტერის.

„მე პერსონალურ ინფორმაციას არასოდეს გავცემ. შემიძლია, გითხრათ, რომ ესენი არიან ერთი ოჯახის და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა. შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და შემდეგ ოჯახის ახლო კონტაქტებში ინფექცია. ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა. დღესაც ჩვენი ჯგუფი იქ გასულია, იღებენ დამატებით კიდევ ბიოლოგიურ ნიმუშებს და შესაბამისად, ჩაღრმავებული კვლევები გაგრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე აღნიშნულ მედიკოსთან დაკავშირებით, ამირან გამყრელიძემ განმარტა: „მე გითხარით, რომ დიდი ალბათობით ეს შესაძლოა, იყოს ჩემი კოლეგა. იქ განიხილება ასევე მეორე. ის ჩემი კოლეგაა, მაგრამ ის არის პირველწყარო, თუ მისი ოჯახის წევრი, ამის დაზუსტება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, სადაც ჩემი კოლეგა მუშაობდა, იქ მიმდინარეობს შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. კარანტინის აუცილებლობა იქ არ არის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა. ესენი არიან დევნილები თუ ადგილობრივი მცხოვრებელები, მე ამას ვერ დავაზუსტებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თბილისში დადასტურებული კორონავირუსის კონტაქტები საკარანტინო სივრცეებში გადაჰყავთ.

„ყველა ადამიანი, ვინც იყო კონტაქტში და გამოვლინდა, რომ არის პოზიტიური კოვიდდადებითი, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში, ხოლო კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ისინი გადადიან კარანტინში. დაახლოებით ლაპარაკია 50-მდე კონტაქტზე. სულ არის ორი, რომელიც დადასტურდა გუშინწინ და იმის ცხრა კონტაქტი. ანუ სულ 11 პირია ინფიცირებული ამ კლასტერში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.