კანადის არქტიკაში მყინვარების უკან დახევის შედეგად გამოჩნდა ლანდშაფტი, რომელიც ბოლო 40 000 წლის განმავლობაში ყინულით იყო დაფარული. კოლორადოს უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, სავარაუდოდ, ეს საუკუნე ამ რეგიონში ყველაზე თბილია ბოლო 115 000 წლის განმავლობაში.
გრენლანდიის დასავლეთით, კუნძულ ბაფინზე შეგროვებულ მცენარეთა ნიმუშების ასაკის დასადგენად მკვლევართა ჯგუფმა რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდი გამოიყენა. უკვე რამდენიმე ათწლეულია, ამ კუნძულზე ტემპერატურის განსაკუთრებული მატება ფიქსირდება.
კვლევის ავტორის, სიმონ პენდლეტონის განცხადებით, არქტიკა ამჟამად დედამიწის დანარჩენ ნაწილზე 2-3-ჯერ უფრო სწრაფად თბება, შესაბამისად, მყინვარები და ყინულოვანი საფარიც უფრო სწრაფად დნება.
ბაფინი მსოფლიოში მეხუთე უდიდესი კუნძულია. ლანდშაფტში დომინირებს ღრმად შეჭრილი ფიორდებით, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია მაღალი, ჩაშვებული პლატოებით. ცივი პლატოების თხელი ყინული ბუნებრივი ცივი საცავის როლს ასრულებს, რომლებიც უძველეს ხავსებსა და ლიქენებს ათასობით წლის განმავლობაში ინახავს თავდაპირველ პოზიციაში, როცა ისინი იზრდებოდნენ.
როგორც პენდლეტონი აღნიშნავს, ეს უძველესი ლანდშაფტი სულ ცოტა ხნის წინ მოშიშვლდა და გამოაჩინა მცენარეთა ნიმუშები, რომელთა რადიონახშირბადული დათარიღებაც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, როდის დაწინაურდა ამ რეგიონში ბოლოს ყინული.
გასული წლის აგვისტოში, ბაფინის 30 სხვადასხვა მყინვარულ ქუდზე მეცნიერებმა 40 მცენარის ნიმუში შეაგროვეს. ასაკისა და ამ ლანდშაფტის ყინულოვანი საფარის ისტორიის გასარკვევად, თითოეულ ადგილზე მათ ასევე აიღეს კვარცის ნიმუშები.
ლაბორატორიებში ჩატარებული რადიონახშირბადული დათარიღების შედეგად გაირკვა, რომ 30 სხვადასხვა მყინვარზე შეგროვებული ეს მცენარეები ყინულით გამუდმებით იფარებოდნენ სულ მცირე ბოლო 40 000 წლის განმავლობაში.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, გიფორდ მილერის განცხადებით, ბიოლოგიამ ბოლო სამი მილიარდი წლის განმავლობაში სხვადასხვა სქემა შეიმუშავა კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად, რაც არ შეუძლია მყინვარებს. ისინი აბსოლუტურად ნორმალურად იქცეოდნენ, პირდაპირ ეპასუხებოდნენ ზამთრის ტემპერატურას. თუ ზაფხული თბილის, მყინვარები ზომაში პატარავდება, მაგრამ ცივი ზამთრისას, ისინი პირიქით, იზრდებიან. გამომდინარე აქედან, ზაფხულის ტემპერატურის ცვლილება მყინვარებზე პირდაპირ მოქმედებს.
როდესაც მკვლევრებმა ბაფინისა და გრენლანდიის მყინვარული ქუდების აღდგენილი ტემპერატურული მონაცემები ამჟამინდელს შეადარეს, გაირკვა, რომ ახლანდელი ტემპერატურა რეგიონში ყველაზე მაღალია ბოლო 115 000 წლის განმავლობაში. თუ პროცესი ასე გაგრძელდა, უახლოეს რამდენიმე საუკუნეში კუნძული ბაფინი ყინულისგან სრულიად თავისუფალი გახდება.
პენდლეტონის თქმით, როგორც წესი, მაღლა მდებარე ადგილები ყინულს უფრო დიდხანს ინარჩუნებს, მაგრამ დათბობის მასშტაბი იმდენად მაღალია, რომ ახლა ყველგან ყველაფერი დნება.
მომზადებულია colorado.edu-ს მიხედვით.