არქტიკაში ასობით ტბა უკვალოდ ქრება
არქტიკაში ასობით ტბა უკვალოდ ქრება

გასაკვირი აღარ არის, რომ სწრაფი დათბობის პროცესში მყოფი არქტიკა თვალსა და ხელს შუა იცვლება და იკარგება. კლიმატის ცვლილება თანდათან წარმოაჩენს თავის ყველაზე ცნობილ მახასიათებლებს, იქნება ეს გრენლანდიის მყინვარების დნობა თუ ოკეანეში ზღვის ყინულის ოდენობის შემცირება.

თუმცა, ზოგიერთი დანაკარგი შეიძლება, სხვებზე გაცილებით მოულოდნელი იყოს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ არქტიკის ტუნდრაში გამუდმებით უჩინარდება პატარა ტბები და ტბორებიც. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ლანდშაფტიდან უკვე გაქრა ასობით ასეთი წყალსატევი.

შეიძლება ეს პაქტი პარადოქსული ჩანდეს ლანდშაფტისთვის, სადაც ყინული და გაყინული თოვლი გამუდმებით გარდაიქმნება თხევად წყლად. მეცნიერები ერთ დროს იმასაც ვარაუდობდნენ, რომ სინამდვილეში, კლიმატის ცვლილება ტუნდრაში ტბების რაოდენობის გაზრდას გამოიწვევდა, რადგან მრავალწლოვანი მზრალობა — არქტიკისთვის დამახასიათებელი გაყინული ნიადაგის ფენა დნება, რაც ხმელეთზე წყლის დაგუბებას იწვევს.

თუმცა, კვლევები საპირისპიროს მიუთითებს.

როგორც ახალი კვლევის ფარგლებში გაირკვა, დასავლეთ გრენლანდიის მხოლოდ ერთ პატარა ნაწილში, გასული 50 წლის განმავლობაში გაქრა ასობით ტუნდრის ტბორი. თანამგზავრული ფოტოები მიუთითებს, რომ 1996 წლიდან დღემდე, ქალაქ კანგერლუსუაკის 2000-ზე მეტი ტბორიდან 400-ზე მეტი უკვე გაქრა. გარკვეული ნაწილი გადარჩა, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდა ზომაში.

უფროსი მკვლევრის, რებეკა ფინგერის განცხადებით, ამის გამომწვევი ფაქტორები შეიძლება, მრავალგვარი იყოს. გამთბარი კლიმატი ზოგიერთ რეგიონებში შეიძლება, უფრო მეტი წყლის აორთქლებას იწვევდეს. სრულიად მოულოდნელად, დიდ როლს სავარაუდოდ თამაშობს მრავალწლოვანი მზრალობის დნობაც, მაგრამ არა იმ გზით, რომელზეც მეცნიერები ერთ დროს ფიქრობდნენ.

როდესაც ნიადაგი თბება და რბილდება, ზოგიერთი პატარა ტბა შეიძლება უბრალოდ მიწაში ჩაიჟონოს. გარდა ამისა, გაყინული ნიადაგის დნობის შედეგად გამოიყოფა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები, რაც ხელს უწყობს მცენარეულობის ზრდას. ასე აფეთქებულ ვეგეტაციას შეუძლია პატარა ტბორებში შეჭრა და მათი მთლიანად დაფარვა.

ვისკონსინის უნივერსიტეტის მკვლევრის, კრისტიან ადერსენის განცხადებით, საკვები ნივთიერებებით გამდიდრება იწვევს წყალმცენარეების სიმკვრივისა და საფარის ზრდას.

ანდერსენი ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, მაგრამ 2015 წელს საკუთარი არქტიკული კვლევა ჩაატარა ჩრდილოეთ ალასკაში, სადაც იგივე ეფექტები აღმოაჩინა. კოლეგებთან ერთად მან შეისწავლა ბაროუს ნახევარკუნძულზე არსებული 2800 ტბორი და დაადგინა, რომ 1940-იანი წლების შემდეგ დაახლოებით 500 უბრალოდ გამქრალია, დანარჩენი კი ზომაში შემცირებული.

მსგავს შედეგებზე მიუთითებს არქტიკის ტუნდრაში ჩატარებული სხვა არაერთი კვლევაც.

2011 წელს ჩრდილოეთ კანადის ტერიტორიებზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იქ არსებული 76 000 წყალსატევის საერთო ფართობი 2000-2009 წლებში 4000 კვადრატული კილომეტრით არის შემცირებული.

2005 წელს ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ციმბირში, 10 000 მოზრდილი ტბიდან, 1973-1998 წლებში სრულიად გაუჩინარებულია 125 წყალსატევი.

ყველა ამ კვლევაში მეცნიერები მკაფიოდ მიუთითებენ, რომ დამნაშავეა მრავალწლოვანი მზრალობის, ანუ გაყინული ნიადაგის დნობა. როგორც წესი, ამ მხრივ პატარა ტბები უფრო მოწყვლადია, ვიდრე დიდები. მაგალითად, ფინგერის კვლევამ დაადგინა, რომ თითქმის ყველა გაუჩინარებული ტბის ფართობი ერთ ჰექტარზე ნაკლები იყო.

მკვლევართა თქმით, ტბების გაქრობას (თუნდაც პატარების) მნიშვნელოვანი პრობლემების გამოწვევა შეუძლია, რადგან ეს წყალსატევები უმნიშვნელოვანესია არქტიკის ეკოსისტემისთვის.

უფრო ფართო გაგებით, ტბების გაუჩინარება შეიძლება, ნიშანი იყოს კლიმატის ცვლილების პარალელურად მოსალოდნელი სხვა ცვლილებებისა. გაყინული ნიადაგის დნობისას გამოიყოფა დიდი ოდენობით მეთანი და ნახშირორჟანგი, რაც მეცნიერთა აზრით, კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს კლიმატის ცვლილებაში.

მომზადებულია Scientific American-ის მიხედვით.