არქიმანდრიტი საბა ჯიშკარიანი - წლების განმავლობაში ასე ხდება, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ გამოფიტული ქანები იშლება, უჩვეულო არაფერია, საფრთხე არ არსებობს
შიო მღვიმის წმიდისა და დიდი სავანის წინამძღვრის, არქიმანდრიტ საბა ჯიშკარიანის განცხადებით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ გამოფიტული ძველი ქანები ჩამოიშალა. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები ყოველწლიურად ხდება.
როგორც საბა ჯიშკარიანმა აღნიშნა, არავის საფრთხე არ ემუქრება.
„წლების განმავლობაში ასე ხდება, შარშან, შარშანწინაც მოხდა. გამოფიტული ძველი ქანები ჩამოდის. ახლა შედარებით მეტი მასა ჩამოიშალა, რაც გადაიღეს და შემდეგ „ფეისბუქზე“ დადეს. ყოველწლიურად ვწმენდთ, არანაირი პრობლემა არ არის, საფრთხე არ არსებობს. არც ტაძარს და არც ვინმე პიროვნებას საფრთხე არ ემუქრება. ახალი და უჩვეულო არაფერია“, – განაცხადა საბა ჯიშკარიანმა.
ამასთან, საბა ჯიშკარიანის განცხადებით, ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია.
„გეოლოგებმაც რაღაც დონეზე შეისწავლეს, კვლევა ისევ გრძელდება. დღესვე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. ტერიტორიაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია, იქ ისედაც არავინ შედის, ბერმონაზვნების საცხოვრებელია. საშიში არაფერია, მაგრამ მაინც თავს ვიზღვევთ. ახლა მოდის ტექნიკა, დღესვე დაიწყებენ მუშაობას და რამდენიმე დღეში დაასრულებენ“, – განაცხადა საბა ჯიშკარიანმა.