არმაზ ახვლედიანი - მანდატებზე უარი არ გამორიცხავს, რომ ერთჯერადად დაუჭირო მხარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინიციატივას, ვფიქრობ, ეს შემოთავაზება განხილვად ღირს
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივასთან დაკავშირებით ჯერ პარტიაში კონსულტაცია არ გამართულა. თუმცა, ახვლედიანის შეფასებით, შემოთავაზება განხილვად ღირს.
არმაზ ახვლედიანის განმარტებით, მანდატებზე უარი და ბოიკოტის რეჟიმი არ გამორიცხავს იმას, რომ ერთჯერადად დაუჭირო მხარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინიციატივას.
„ჯერჯერობით ამ საკითხზე კონსულტაცია არ ყოფილა, რადგან ეს ინიციატივა ახალია. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირს განხილვად ეს შემოთავაზება და ვერაფერს დრამატულს ამაში ვერ ვხედავ. საქმე ისაა, რომ მანდატებზე უარი და ბოიკოტის რეჟიმი სულ არ გამორიცხავს იმას, რომ ერთჯერადად დაუჭირო მხარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ინიციატივას ან მოლაპარაკების პროცესში მიიღო მონაწილეობა. ეს ერთი მეორეს არათუ არ გამორიცხავს, არამედ პირიქით, ავსებს, ეს არის ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
„რესპუბლიკური პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.
როგორც სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ხელისუფლება თუ მანდატებს არ უუქმებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაშინ „ოპოზიციამ აღნიშნული ქმედება მომავლის კანონპროექტის მხარდასაჭერად უნდა გამოიყენოს“.