არგენტინის პროკურატურა დიეგო მარადონას წინასწარი განზრახვის გარეშე შესაძლო მკვლელობის საქმეს იძიებს
არგენტინის პროკურატურა დიეგო მარადონას წინასწარი განზრახვის გარეშე შესაძლო მკვლელობის საქმეს იძიებს. ოფიციალური პირების განცხადებით, მარადონას პირად ექიმს, ლეოპოლდო ლუკეს სამედიცინო დოკუმენტაცია გამოძიების ფარგლებში ჩამოერთვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ბუენოს აირესის პოლიციამ ჩხრეკა ლეოპოლდო ლუკეს სახლსა და კლინიკის ოფისში ჩაატარა. გამოძიების ცნობით, პოლიციის მიზანია, დაადგინოს, ოპერაციის შემდგომ მკურნალობისას ადგილი ჰქონდა თუ არა რაიმე სახის დაუდევრობას.
პროკურატურის განცხადებით, ჯერ ბრალი ოფიციალურად მარადონას პირადი ექიმისთვის არ წაუყენებიათ. თავად ლუკე ნებისმიერი სახის დაუდევრობას უარყოფს.
ფეხბურთის ლეგენდა 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიეგო მარადონას შვილები მამის მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას ითხოვენ.