არგენტინაში ვაქცინაციის სკანდალს ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა
არგენტინაში ვაქცინაციის სკანდალს ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები არგენტინის ქუჩებში „ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების“ ვაქცინაციის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. შესაბამის ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ერთი კვირის წინ პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებული თანამდებობა დატოვა, რაც მინისტრის მეგობრებისთვის ვაქცინის დროზე ადრე მიღების საკითხს უკავშირდებოდა.
„მომეცი ჩემი ვაქცინა“, „შეწყვიტეთ ჩვენი ფულის ფლანგვა“ – პლაკატებზე ამ წარწერებით დემონსტრანტები ბუენოს-აირესში, მთავრობის სათაო ოფისის წინ შეიკრიბნენ.
პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციის, „კასა-როსადას“ღობეზე მომიტინგეებმა შავი ფერის ჩანთები ჩამოკიდეს, რომელსაც სიმბოლურად ადამიანების ფორმა ჰქონდა და მათზე მთავრობის იმ ლიდერების ვინაობა იყო მიწერილი, რომლებმაც ვაქცინა გაიკეთეს.
„მათ მთავრობის მეგობრების ვაქცინაციით დაიწყეს. ეს მიუღებელია. ისინი სხვის სიცოცხლეს იპარავენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.
ორშაბათს ქვეყნის მთავრობამ იმ ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც ვაქცინა ოფიციალური კამპანიის მიღმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ 38 წლის ეკონომიკის მინისტრი, ყოფილი პრეზიდენტი, მისი ცოლი და შვილები.
ქვეყანაში, სადაც 44 მილიონი მოსახლე ცხოვრობს, კორონავირუსის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, მათ შორის, პანდემიამ 52 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. არგენტინის მთავრობის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე 1 მილიონ ადამიანს გაუკეთდა.