არჩილ ტატუნაშვილის წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულ დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს – დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულების ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს ბრალის დასამტკიცებლად მტკიცებულებები არ გააჩნია, რასაც მოგვიანებით პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ საქმეში არის მტკიცებულებები, რომელიც იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს.
„ადვოკატი ვალდებულია, დაიცვას თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნებების უფლებები, თუნდაც იმ კუთხით, რომ განაცხადოს სასამართლოზე, რომ არ არსებობს მტკიცებულებები.
რა თქმა უნდა, ამაში ბრალდების მხარე ვერ დაეთანხმება მას. მიგვაჩნია, რომ საქმეში არის მტკიცებულებათა რაოდენობა, რომელიც იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ორივე პიროვნებამ ჩაიდინა მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. აღნიშნული პოზიცია გაითვალისწინა სასამართლომაც და სწორედ ამიტომ, გამოიყენა ორივე მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით. მტკიცებულების სტანდარტი მან გაიზიარა იმ მოცულობით, რაც ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში”, – განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, მტკიცებულებების სახით არსებობს, როგორც მოწმეთა, დაზარალებულთა, ასევე ოპერატიული მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციები, რაც იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებულება ჩაიდინეს დანაშაული, ისინი მონაწილეობდნენ იოსებ პავლიაშვილის, ლევან ქუტაშვილის და არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე, არჩილ ტატუნაშვილის წამების დახმარებაში.
საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს შსს-ს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინა.