არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ოჯახმა რუსეთის პროკურატურიდან წერილი მიიღო - „რუსეთი არ ერევა სამხრეთ ოსეთის საქმიანობაში“
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის პროკურატურას მოთხოვნით საქმის ადვოკატმა თამარ ავალიანმა მიმართა.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, ამიტომ, გვაინტერესებდა, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ საქმეზე და რა მდგომარეობა იყო ამ საქმესთან დაკავშირებით. მივიღეთ პასუხი რუსეთის გენერალური პროკურატურიდან. ისინი განმარტავენ, რომ „სამხრეთ ოსეთი“ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში. მოგწერეს, რომ გადაგზავნილია ჩვენი მოთხოვნა და წერილი „სამხრეთ ოსეთში“. ცხინვალიდან პასუხი არ არის. ჩვენ ველოდით ასეთი შინაარსის წერილს. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ რუსეთი არის ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალა და საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი. ამას რუსეთი არ აღიარებს“, – აცხადებს ჯიშკარიანი.
მისი თქმით, ეს წერილი მათ ევროპულ სასამართლოში გამოადგებათ.
„როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ, ჩვენ დავურთავთ ამ წერილს , რომ შეუძლებელია ადეკვატური კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმთან და დე ფაქტო ხელისუფლებასთან. ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებშიც მათი პასუხი არაადეკვატურია. სარჩელს ევროპულ სასამართლოში შეიტანს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი და სასამართლო-საექსპერტო მომსახურებასაც ჩვენ გავწევთ. ცენტრი ამზადებს კომპლექსურ კომისიურ დასკვნას. ეს დასკვნა დაერთვება ევროპულ სასამართლოში შეტანილ სარჩელს. ჩვენ ველოდებით პროკურატურიდან პასუხს. ჩვენ გვაინტერესებს გამოძიების ეფექტიანობა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენთვის. გამოძიება ვერ ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვერ ხდება დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა. ამ შინაარსის პასუხს ველოდებით. გვჭირდება დამატებით მასალები და უკვე მზად ვიქნებით დასკვნის დასადებად.
სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს დასკვნა არის აღწერილობითი ხასიათის. დასკვნა განმარტავს, რომ არ იყო წარმოდგენილი ორგანოები და შეუძლებელი გახდა გარდაცვალების ფაქტობრივი მიზეზის დადგენა. ჩვენ კომპლექსულ-კომისიურ ექსპერტიზას ვატარებთ. დოკუმენტირებული უნდა იყოს წამების ფაქტი და შედეგები. ჩვენ სარჩელის ევროპულ სასამართლოში შეტანას აგვისტოს მეორე ნახევარში ვფიქრობთ“, – აცხადებს ჯიშკარიანი.
მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს ევროპულ სასამართლოში ცენტრი „ემპათია“ დაიცავს და ადვოკატი იოსებ ხატიაშვილი იქნება. ასევე, ერთჯერადი კონტრაქტით ადვოკატი იქნება თამარ ავალიანი.