არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ზურაბ აბაშიძემ მიუსამძიმრა
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ზურაბ აბაშიძემ მიუსამძიმრა

წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მიუსამძიმრა.

„ეს კაცი ღირსეულად უნდა მივაბაროთ მიწას და მერე ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დამნაშავე თუ დამნაშავეები დაისაჯონ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გუშინ გამთენიისას გადაასვენეს.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო.  „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე  მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, სოფელ ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.