არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა მიუსამძიმრეს
წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება.
ტატუნაშვილის ოჯახს გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა მიუსამძიმრეს.
წილკანში, ტატუნაშვილების ოჯახში ოთხოზორიას ოჯახის წევრები, მათ შორის მეუღლე და მშობლები იმყოფებიან.
30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან გუშინ გამთენიისას გადაასვენეს.
ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.
არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, სოფელ ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.