საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის მშობლები და ოჯახის ახლობლები იმყოფებიან.
პირველი არხი ჟურნალისტის ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ პატრიარქს ხვდებიან.
ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად საპატრიარქოში შეხვედრაზე მივიდა ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილიც. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.
დღეს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა ქემოკლიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ორი მთავარი საკითხი დაისვა, რომელიც ტატუნაშვილის ცეცხლის გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ორი მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას უკავშირდებოდა. დაახლოებით ოთხსაათიანი დისკუსიის შემდეგ, მკაფიო პასუხი ვერც ერთ საკითხზე ვერ იქნა გაცემული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. ოჯახისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ არც ტატუნაშვილის ცხედარი გადაუციათ.