არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ჰელსინკის კომიტეტის წევრებთან ერთად 8 მაისს პრესკონფერენციას გამართავს
8 მაისს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი თამარ ავალიანი ჰელსინკის კომიტეტის წევრებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. ინფორმაცია პირველ არხს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თამარ ავალიანმა დაუდასტურა. პრესკონფერენციის თემა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დაწყებული გამოძიება და ექსპერტიზაა, რომელსაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ატარებს.
თამარ ავალიანი აცხადებს, რომ ამ საქმეზე რუსეთი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
„როგორც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი, ყველაფერს გავაკეთებ ამ საქმისთვის, ყველა სამართლებრივ მექანიზმს და ფორმატს გამოვიყენებ, რათა რუსეთი დაუსჯელი არ დარჩეს. ამ საქმეზე მნიშვნელოვანი საქმე არასოდეს მიწარმოებია, ასე არასოდეს მტკენია და ასეთი პასუხისმგებლობა არასოდეს განმიცდია. ეს არის ღირსების საქმე, რომელსაც ბოლომდე მივიყვან, რამდენი წელიც არ უნდა დამჭირდეს ამისთვის“, – წერს ადვოკატი „ფეისბუქში“.
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე, განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.
თამარ ავალიანი არჩილ ტატუნაშვილის მამასთან, გივი ტატუნაშვილთან ერთად სისხლის სამართლის საქმის მასალებს 16 აპრილს მცხეთის სამხარეო პროკურატურაში გაეცნო. 20 მარტს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ორგანოების გარეშე გადაეცა, რაც თამარ ავალიანის განცხადებით, გამოძიების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს და მისი აზრით, ამაზე სისხლის სამართლის გამოძიება უნდა დაიწყოს.