არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის მოლოდინში - ფოტოამბავი
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნას გაეცნო. როგორც პირველ არხს ტატუნაშვილების ოჯახში უთხრეს, უმძიმესი იყო იმ ინფორმაციის მიღება, რომ მას სხეულზე 100-მდე დაზიანება აღმოაჩნდა.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი კომპლექსური ექსპერტიზის მოლოდინშია. ისინი ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის მიღების შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
„საბოლოო დასკვნა უნდა დაიდოს, ალბათ მოიწვევენ კარდიოლოგებს, ნეიროქირურგია საჭირო, რომ დადონ დასკვნა, შესაძლოა თუ არა ამდენ წამებას გამოეწვია ჩემი შვილის სიკვდილი. საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც უნდა შევიტანოთ, რომ თუ გახდება შესაძლებელი, დაისაჯონ ის გარეწრები, ვინც ასე უღვთოდ აწამა ჩემი შვილი“, – აღნიშნავს გიორგი ტატუნაშვილი.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 2018 წლის 20 მარტს გადმოასვენეს.