არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოკლე დროში მიღებას ელოდება
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მოლოდინი აქვს, რომ გამოძიება იქნება სამართლიანი, ყოვლისმომცველი ეფექტიანი და წარიმართება სწრაფად, – ამის შესახებ პირველ არხს არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა განაცხადა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანი ამბობს, რომ მათ 10 დღის წინ პროკურატურას წერილით მიმართეს და საქმის გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს. როგორც თამარ ავალიანი ამბობს, მათ ჯერჯერობით საგამოძიებო ორგანოებიდან პასუხი არ მიუღიათ. თამარ ავალიანი ამბობს, რომ ოჯახს არ აქვს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, ითხოვს და ელოდება დამნაშავეთა იდენტიფიცირებას და დასჯას.
რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ მისი შედეგები უნდა იყოს კვალიფიციური, ადეკვატური და შეესაბამებოდეს იმ დაზიანებებს, რომლებიც ცხედარს აღენიშნებოდა.
„თავდაპირველად არსებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები 2 კვირაში უნდა ყოფილიყო ცნობილი. გავიდა 3 კვირა და ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ მიგვიღია. წინასწარი მონაცემებით და გარეგნული დათვალიერებით, არჩილ ტატუნაშვილს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ველოდებით დასკვნას. ექსპერტიზის შედეგები უნდა იყოს ადეკვატური“, – აცხადებს პირველ არხთან საუბარში თამარ ავალიანი.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ თუ საქართველოში წარმოებული გამოძიება არ იქნება ეფექტიანი, მაშინ ორგანიზაცია მოამზადებს სარჩელს ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.