ნათესავის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოკუპირებული ცხინვალიდან ხვალ გადმოასვენებენ
ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ შუადღისას გადმოასვენებენ, – ამის შესახებ გარდაცვლილის ნათესავმა ნატახტარში გამართულ აქციაზე განაცხადა.
ოჯახის წევრებს არ სჯერათ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის, რომლის მიხედვითაც, არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუხანათურად მოკლეს ჩვენ თანამემამულე. მშვიდობიანი აქცია ჩავატარეთ, რომ ჩვენი თანამემამულის ნეშტი გადმოგვცენ. დღეს ველოდებოდით, მაგრამ არ მოხერხდა, იმიტომ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შაბათ-კვირას ისვენებენ თურმე. ახალგორში ამბობენ, ვითომ ტერაქტის მოწყობას აპირებდა და მაგის გამო იყო ლიკვიდირებული. ის ორი წლის განმავლობაში გადადიოდა და ვაჭრობდა ხოლმე ახალგორში. მანქანა ყავდა დაქირავებული. ახლაც იმ მანქანას გადაჰყვა. არ გვჯერა ინფორმაციის, რომ კიბიდან დაგორდა. უბრალოდ ხუთი-ათი კაციც ვერაფერს უზამდა. თვითონ კიდევ კიბეზე ვერ დაგორდებოდა. ის არის ნაწამები და მოკლული“, – განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის ნათესავმა.
მისივე თქმით, ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი პირიც ვერ ახერხებს ახალგორიდან გადმოსვლას, ვინაიდან მათ საბუთები აქვთ ჩამორთმეული. მისივე თქმით, სატელეფონო კონტაქტიც შეუძლებელია.
როგორც არჩილ ტატუნაშვილის ნათესავმა აღნიშნა, ის ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხის გასარკვევად ახალგორში გადასვლას აპირებს. სწორედ ამიტომ ჟურნალისტებს სთხოვა, მისი ვინაობა არ დაესახელებინათ.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების მოთხოვნით სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ მიერ გამართული აქცია ნატახტარში უკვე დასრულდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ.
22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.