არჩილ ტატუნაშვილის მამა ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელსა და ექსპერტებს შეხვდება
არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი და ოჯახის ადვოკატი თამარ ავალიანი წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანს და ცენტრის ექსპერტებს შეხვდებიან.
შეხვედრა 15:00 საათზე „ემპათიის“ ოფისშია დაგეგმილი.
2018 წლის 20-21 მარტს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებულ სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზაში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე მონაწილეობდა.
ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი პირველ არხთან აცხადებს, რომ მათ მიიღეს ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებებია აღწერილი.
საჭირო დოკუმენტაციისა და მასალის მიღების შემდეგ „ემპათია“ აპირებს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას, სადაც საუბარი იქნება ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებების წარმოშობის შესახებ.
დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსურ–კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების, კერძოდ, მინესოტას პროტოკოლისა და სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, რათა დადგინდეს წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ– შედეგობრივი კავშირი.
წამების მსხვერპლთა რეაბილატაციის ცენტრ „ემპათიაში“ ასევე მიიჩნევენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ორგანოების გარეშე გადმოცემასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.