არჩილ ტატუნაშვილის ახლობლები გზის გადაკეტვას მცხეთასთან აპირებენ
არჩილ ტატუნაშვილის ახლობლები გზის გადაკეტვას მცხეთასთან აპირებენ

არჩილ ტატუნაშვილის ახლობლები ნატახტარიდან მცხეთის მიმართულებით დაიძრნენ.

მათი განცხადებით, მცხეთასთან ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.

მანამდე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. არჩილ ტატუნაშვილის ახლობლები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას ითხოვენ.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის დღევანდელი რიგგარეშე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დღეს გადმოცემაზე უარი თქვა. უარის მიზეზად კი, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციიდან ექსპერტების ჩართვა დაასახელა და განაცხადა, რომ ცხედარს ოჯახს რამდენიმე დღეში, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადასცემენ.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით დაინიშნა. შეხვედრაზე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები განიხილეს.