არჩილ თალაკვაძე - ყურადღებით დავაკვირდებით 15 წლის მოზარდის საქმეს და შესაბამისი კომიტეტი მეტ ინფორმაციას მიიღებს
პარლამენტის გადმოსახედიდან მივესალმები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სკოლა მაქსიმალურად გახსნილი პოზიციებით აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 15 წლის მოზარდის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.
„ახლა ჩვენი ფიქრი და ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ გადარჩეს არასრულწლოვანი. ექიმები მას ინტენსიურ დახმარებას უწევენ და იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი შეძლებენ დახმარებას. რაც შეეხება თვითონ ამ საქმეს, მივესალმები, პარლამენტის გადმოსახედიდან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სკოლა, სადაც ეს ამბავი მოხდა, მაქსიმალურად გახსნილი პოზიციებით აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას. როდესაც არის კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ყველაფერი გამჭვირვალედ მიეწოდება მოქალაქეებს და მედიას, ეს ხელს შეუწყობს, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები მოხსნას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ საქმეს და შესაბამისი კომიტეტი უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ამ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.
ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება.
ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.