არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, დამნაშავეთა მოქმედების მასშტაბის გათვალისწინებით, ეს დანაშაული გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე ჩვეულებრივი კრიმინალი
არჩილ თალაკვაძე - ვფიქრობ, დამნაშავეთა მოქმედების მასშტაბის გათვალისწინებით, ეს დანაშაული გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე ჩვეულებრივი კრიმინალი

თავს შევიკავებ, დღეს მომხდარ ფაქტს წინასწარი კვალიფიკაცია მივცე, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ ადამიანების წარმოშობის ერთადერთი წყარო ბოროტებაა. ეს ბოროტება ძალიან ახლოს დგას ტერორიზმთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დამნაშავეთა მოქმედების მასშტაბის გათვალისწინებით, ეს დანაშაული გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ მათ წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. დიდი ალბათობით, ვფიქრობ, რომ ამ ფაქტს კავშირი აქვს ტერორიზმთან და ეს ყველაფერი ტერორიზმის ნაწილია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დანაშაულებრივი ჯგუფი მჭიდრო დასახლებაში შემთხვევით არ იმყოფებოდა.

„ეს მათთვის გარკვეულწილად, თავდაცვის დამატებითი ფაქტორი იყო. ამის საპირწონედ, სუს–მა და შსს–მ სპეცოპერაცია ისე ჩაატარეს, რომ არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა. დამნაშავეებს მძევლების აყვანის შესაძლებლობა არ მიეცათ, რაც ადვილი წარმოსადგენია, რა დრამატულ ვითარებას შექმნიდა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, სპეცოპერაციაში ჩართული იყო ხელისუფლების ყველა უწყება, რათა ერთი მხრივ, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულებულიყო და ამავდროულად, მოქალაქეთა უსაფრთხოებაც დაცული ყოფილიყო.

„დღეს ჩვენ ვნახეთ უსაფრთხოების სამსახურის მიერ დამაჯერებლად ჩატარებული სპეცოპერაცია, კარგი კოორდინაცია შსს–სთან, მოწოდების სიმაღლეზე მყოფი სამედიცინო სამსახურები, დედაქალაქის მერი და მთავრობა. ჩვენმა სამსახურებმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს საქართველოს მოქალაქეებსა და მსოფლიოს, რომ ჩვენ უსაფრთხოების დაცვა შეგვიძლია და რომ გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო საიმედო პარტნიორია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მსგავსი შემთხვევების დროს, საზოგადოების ინფორმირებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევების დროს, ევროპული ქვეყნების სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკა ძალიან ჰგავს იმ პოლიტიკას, რომელიც დღეს სუს–ს ჰქონდა.

„არის ერთი მიზანი, რომ საზოგადოების ინფორმირება მოხდეს, მაგრამ ამავდროულად, არის მეორე მიზანიც, რომ საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესი არ დაზიანდეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპაში, მათ შორის, საქართველოშიც, თითოეული ასეთი ფაქტი, ქვეყნის უსაფრთხოებაზე თითოეული ასეთი აგრესიული თავდასხმა, ერთი ცალკე აღებული შემთხვევა არ არის. ეს არის იმ გლობალური საფრთხეების ნაწილი, რომელიც დღეს მსოფლიოში დგას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას ცდილობდნენ.

„მადლობა ყველას თანაბრად ეკუთვნის, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა პირველი არხის ჟურნალისტის, გურამ როგავას შესახებ, რომელიც დღეს მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მან მოახერხა, ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით მოვლენებიც გაეშუქებინა და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაც დაეცვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ავტორი: მაკა დარსაველიძე