საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალი ფრაქციების კონფიგურაცია ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც მმართველ გუნდში საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, ცვლილებების მომზადების მიზანი შიდა სამუშაო პროცესის კიდევ უფრო გააქტიურება და კოორდინაციის გაუმჯობესებაა.
„უკეთესი კოორდინაციის, ეფექტურობისა და სამუშაო პროცესის მართვის გაუმჯობესების მიზნით დამატებითი ფრაქციები შეიქმნება, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით კოორდინაცია კიდევ უფრო მოქნილი და მობილური იყოს. ერთი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ უმრავლესობაში არსებული მცირე ზომის ფრაქციები ბევრად უფრო მობილური არიან“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ახალ ფრაქციებს ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებენ.