არჩილ თალაკვაძე - საქართველო შეასრულებს ვალდებულებებს, მაგრამ არც ერთ ფორმატში არ გაექცევა რუსეთისთვის შეხსენებას, რომ ის უკანონო ოკუპაციას ახორციელებს
ევროპის საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის იქნება კომუნიკაცია მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის დაგეგმვასთან დაკავშირებით და საზოგადოებას წინასწარ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩავაყენებთ საქმის კურსში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.
„საქართველოს ხელისუფლება არასოდეს, არც ერთ ფორმატში არ გაექცევა რუსეთისთვის იმის შეხსენებას და იმ პოზიციების პრინციპულად დაფიქსირებას, რომ რუსეთი უკანონო ოკუპაციას ახორციელებს, არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს, არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს. ნებისმიერ ფორმატში საქართველო რუსეთის ფედერაციას ყოველთვის შეახსენებს ამ დარღვევებს და მათ შორის ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეახსენა იგივე სტრასბურგიდან.
როდესაც ქვეყანა არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე, მას აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები
„გახდა რა საქართველო ევროკავშირის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, მან აიღო ვალდებულებები ექვსთვიან პერიოდში ყველა ღონისძიებაზე, რომელიც ტრადიციულად ტარდება ევროპის საბჭოს ფორმატში. როდესაც ქვეყანა არის ევროპის საბჭოს თავმჯდომარე, მას აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. როდესაც ჩვენ გავხდით თავმჯდომარე ქვეყანა, ეს ვალდებულებები გვაქვს აღებული და ეს თავისთავად გულისხმობს მინისტერიალის ჩატარებას საქართველოში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ის ფაქტი განმარტა, მინისტერიალი ტარდება ყველა ქვეყნის დელეგაციის მონაწილეობით.
„მე გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ინტერპრეტაციებს იმაზე, რაც მას არ უთქვამს. თუ გინდათ ჩემი კომენტარი ადამიანებზე, რომლებიც გუშინდელიდან მოყოლებული ცდილობენ კამპანიის აგორებას, შემიძლია მოგიყვეთ და აგიხსნათ, ამ ადამიანებს რა ამოძრავებთ, რას ცდილობენ და რას გააკეთებენ გაზაფხულზე, მაგასაც წინასწარ გეტყვით. პოპულისტი ნაწილი ოპოზიციონერების, რომლებიც გუშინდელიდან მოყოლებული განცხადებებს აკეთებენ. გთხოვთ, დაუბრუნდეთ ამ ადამიანებს, დაკითხოთ, იცოდნენ თუ არა, როდესაც საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე, რომ საქართველოს უნდა ემასპინძლა მინისტერიალისთვის. დიახ, იცოდნენ. მათ მხოლოდ ახლა, ქალბატონი სალომეს განცხადება მოისმინეს. მათ ახლა დაგეგმეს და დაიწყეს შავი კამპანია პრეზიდენტის წინააღმდეგ. სინამდვილეში, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ კამპანია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველო შეასრულებს ზედმიწევნით ყველა ვალდებულებას.
„მინდა გითხრათ, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება არასოდეს, არც ერთ ფორმატში არ გაექცევა რუსეთისთვის იმის შეხსენებას და იმ პოზიციების პრინციპულად დაფიქსირებას, რომ რუსეთი უკანონო ოკუპაციას ახორციელებს, არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს, არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს. ნებისმიერ ფორმატში საქართველო რუსეთის ფედერაციას ყოველთვის შეახსენებს ამ დარღვევებს და მათ შორის ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეახსენა იგივე სტრასბურგიდან. მაისში საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ფარგლებში აქვს მინისტერიალის ჩატარების ვალდებულება, საქართველო თავის ვალდებულებას შეასრულებს. ქვეყანა ვალდებულია, მინისტერიალში ყველა დელეგაციის მონაწილეობა უზრუნველყოს. დანარჩენ დეტალებს ნახავთ. რისკებზე ნამდვილად არის სამსჯელო, არის საფიქრალი. მინისტერიალი არის მომზადების პროცესში. ჩვენ გვაქვს სამდივნოსთან კავშირი. ევროპის საბჭოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის იქნება კომუნიკაცია დაგეგმვასთან დაკავშირებით და საზოგადოებას წინასწარ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩავაყენებთ საქმის კურსში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლის, ლეონიდ კალაშნიკოვის შეკითხვაზე საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს. „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ნებართვის გარეშე ნამყოფ პირებს ქვეყანაში შემოსვლას უკრძალავს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა მის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მას არ მოუპატიჟებია საქართველოში რუსეთის წარმომადგენლები, არამედ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისგან განსხვავებით პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და მზადაა, ორგანიზაციის პრინციპებისა და წესების გათვალისწინებით მიიღოს საპარლამენტო ასამბლეა.