არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფოს ბლოკირება კანონმდებლობის მიღმაა, ამას ვერავინ შეძლებს
არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფოს ბლოკირება კანონმდებლობის მიღმაა, ამას ვერავინ შეძლებს

კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია გამოხატოს პროტესტი, მაგრამ სახელმწიფოს ბლოკირება არის კანონმდებლობის მიღმა და ამას ვერავინ შეძლებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრის პარალელურად დაგეგმილ პიკეტირებაზე.

„პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს, დაცული იქნება მანიფესტაციის უფლება. კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია, გამოხატოს პროტესტი, მაგრამ სახელმწიფოს ბლოკირება არის უკვე კანონმდებლობის მიღმა და ამას ვერავინ შეძლებს“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა სამართალდამცველი უწყება წყლის ჭავლს, თალაკვაძე ამბობს, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არ არის.

„რას ვიხილავთ და რას არა, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ამაზე შესაბამისი ინსტიტუტები არიან პასუხისმგებელნი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში 11 დეკემბერს გაიმართება. 

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მოსამართლეების კენჭისყრას თუ დააპირებენ, ამას მწვავე პროტესტი და პიკეტირება მოჰყვება.