არჩილ თალაკვაძე - რეალურად, თავისი გაიტანა საზოგადოებამ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით
არჩილ თალაკვაძე - რეალურად, თავისი გაიტანა საზოგადოებამ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით

რეალურად, თავისი გაიტანა საზოგადოებამ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„დღეს და გუშინ ოპონენტები ერთი და იგივე განცხადებას ატრიალებდნენ და ამბობდნენ – აი, მოსამართლეებს მაინც დაუჭირეს მხარი და მაინც თავისი გაიტანესო. რეალურად, თავისი გაიტანა საზოგადოებამ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და დღეს მივიღეთ არა კონკრეტული მოსამართლეების შესახებ რამე გადაწყვეტილება, არამედ პროცესთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ზუსტად ისე, როგორც საზოგადოებას დავპირდით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, კანდიდატურების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ არა მხოლოდ მოსამართლეებს, არამედ სასამართლოს გარეთ მყოფ პროფესიონალებსაც.

„კრიტერიუმები ყველასთვის თანასწორია, საკმაოდ მოკლე, მარტივი და მე ვიტყოდი, სამართლიანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მოსამართლის გამოცდა არის ის მინიმალური, თუ საბაზისო საკვალიფიკაციო ფაქტორი, რომელიც საჭიროა, გათვალისწინებული იყოს, რადგან კვალიფიკაციის განმსაზღვრელი რაღაც უნდა არსებობდეს.

„როცა ადამიანს სურს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს, სახელმწიფომ და საზოგადოებამ როგორც მინიმუმ, უნდა იცოდეს, რომ მას კომპეტენცია აქვს, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის ფუნქცია შეასრულოს. ამ კომპეტენციის განმსაზღვრელი ერთ-ერთი, ან შეიძლება ყველაზე საიმედო ფაქტორი არის გამოცდის ჩაბარება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მეორე პირობა, რაც საზოგადოებაში განხილვის საგანი იყო, ეს არის სიის ფორმირების პროცესი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს და ასევე გამჭვირვალეა.

„საბჭო აკეთებს გასაუბრებებს და სტანდარტულ შეფასებებს ყველა კანდიდატთან. ეს შეფასებები არის პუნქტების მიხედვით საჯარო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაამოწმოს, თუ რის მიხედვით მიიღო ესა თუ ის შეფასება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საბჭოში, სიის ფორმირების პროცესში, რეალური გავლენა აქვთ როგორ მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრებს და სიის ფორმირების შემდეგ ეტაპზე მათგან მხარდაჭერილი კანდიდატები ხვდებიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სიის ფორმირების პროცესი დასრულდება, შემდეგი ეტაპი არის პარლამენტში, როცა კომიტეტის ფორმატში, კანდიდატებთან უშუალო, პირდაპირი და ღია გასაუბრება ხდება და პრაქტიკულად, იგივე სტანდარტია, როგორიც აშშ-ში, როცა კონგრესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ამტკიცებს.